საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ გაღრმავებულმა პოლარიზაციამ და კვლავ არსებულმა არათანაბარმა საასპარეზო პირობებმა პროცესი დააზიანა
თბილისი, 2021 წლის 31 ოქტომბერი – საერთაშორისო დამკვირვებლებმა დღევანდელ განცხადებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური ზოგადად კონკურენტული და პროფესიონალურად ორგანიზებული იყო, მაგრამ მზარდი პოლარიზაცია და ნეგატიური რიტორიკა, ასევე ამომრჩეველთა დაშინების შესახებ ბრალდებები და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უწყვეტი უპირატესობა დამატებითი რეფორმების საჭიროებაზე მიუთითებს.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) და ევროპარლამენტის ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებში უმეტესწილად გათვალისწინებულია არჩევნების მეორე ტურის რეგულირებასთან დაკავშირებული წინა რეკომენდაციები, სამართლებრივი ჩარჩო კვლავ გადატვირთულია და არაერთ შეუსაბამობას შეიცავს.
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არჩევნები კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო, არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა მეორე ტურამდე პერიოდში, პოლიტიკური დებატების ტონი კი მზარდად კონფრონტაციული გახდა და კვლავ კეთდებოდა განცხადებები ზეწოლისა და დაშინების თაობაზე“, განაცხადა ალბერტ იონსონმა, რომელიც ოდირის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს. „ჩვენი დაკვირვების მიზანს დემოკრატიული პროცესისთვის ხელშეწყობა წარმოადგენს, ხოლო შემდგომ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული იმოქმედოს ჩვენი რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენი წინადადება ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო დამატებითი რეფორმებისთვის ხელშეწყობის თაობაზე კვლავ ძალაში დარჩება.“
დაახლოებით 2 მილიონ ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის უფლება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, საარჩევნო კომისიების ქვედა დონეზე მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული შეშფოთება კვლავ შენარჩუნდა. უშუალოდ არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა საარჩევნო უბნების გარეთ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მხრიდან ურთიერთპროვოცირების შემთხვევები ფიქსირდებოდა. დაკვირვების არეალში არსებული საარჩევნო უბნების უმეტესობაში საარჩევნო უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცედურები დამკვირვებლებმა პოზიტიურად შეაფასეს, თუმცა წუხილის საგანია არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სადამკვირვებლო ორგანიზაციები მოქმედებენ როგორც პარტიის მხარდამჭერები და ზოგჯერ პროცესშიც კი ერევიან.
მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა ჰქონდათ, კამპანია მეორე ტურის წინ გააქტიურდა. კამპანიაში შეინიშნებოდა მზარდი ფოკუსირება ეროვნულ საკითხებზე, რამაც მწვავე პოლიტიკური კონკურენცია, მეტი პოლარიზაცია, და სულ უფრო მეტად თავდასხმითი რიტორიკა განაპირობა. დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ ამომრჩევლების დაშინებისა და მათზე ზეწოლის, მათ შორის სამსახურიდან დათხოვის შესახებ ბრალდებები კვლავ ჟღერდებოდა. დაგეგმილი საჯარო ინვესტიციებისა და სოციალური შემწეობის დაპირებების შესახებ არჩევნების ორ ტურს შორის პერიოდში გაკეთებული განცხადებებით მმართველი პარტია არასათანადო უპირატესობას ინარჩუნებდა.
პოლარიზაცია კვლავ რჩებოდა მედიაგარემოს მთავარ მახასიათებლად მეორე ტურის წინ – ბევრი კერძო სატელევიზიო არხი ან აშკარა მხარდაჭერას აჟღერებდა მმართველი პარტიის მიმართ და ოპოზიციას ნეგატიურად აშუქებდა, ან პირიქით. მაშინ როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლები უმეტესად ნეიტრალურად აშუქებდნენ კამპანიას, ძირითადი კერძო სატელევიზიო არხები ინარჩუნებდნენ ან ზოგჯერ ზრდიდნენ მიკერძოებას გაშუქების პროცესში. პოლიტიკისა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები ძალიან შეზღუდულად შუქდებოდა, რაც ზღუდავდა ამომრჩევლის შესაძლებლობას გაეკეთებინა ინფორმირებული არჩევანი.
„არჩევნები მშვიდი და კარგად ორგანიზებული იყო, ხოლო ადმინისტრაციული პერსონალი კარგად მომზადებული და გადამზადებული. გულწრფელ მადლობას ვუხდი ქართველ ქალებს, რომლებიც კომისიებში მუშაობდნენ და თანამშრომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენდნენ. ამავდროულად, მხოლოდ რამდენიმე კანდიდატი იყო ქალი, რასაც ველი, და ვიმოდოვნებ, რომ მომავალში შეიცვლება,“ – განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინესე ვაიდერემ. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ ეროვნულმა პოლიტიკამ და თანმხლებმა აგრესიამ ადგილობრივი საკითხები დაჯაბნა, რამაც ამომრჩევლებისთვის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი პოლიტიკის საკითხების სიღრმისეულად გაგება გაართულა“.
საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 31 ქვეყნის წარმომადგენელი 149 დამკვირვებლისგან შედგებოდა, მათგან ოდირის 142 ექსპერტი და გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებელი და ევროპარლამენტის 7 წარმომადგენელი იყო.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ:
კატია ანდრუში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი: +48 609 522 266 ან katya.andrusz@odihr.pl
რაფაელე ლუისე, ევროპარლამენტი: +32 477 855324 ან raffaele.luise@europarl.europa.eu