საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ ამომრჩევლებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და უთანასწორო პირობების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა.
თბილისი, 2021 წლის 3 ოქტომბერი – საერთაშორისო დამკვირვებლებმა დღევანდელ განცხადებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები კონკურენტული და ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა საარჩევნო დარღვევების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, უთანასწორო პირობების, დაშინებისა და ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და ევროპული პარლამენტის ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა, რომ სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ხელშემწყობ წინაპირობას ქმნის. თუმცა კანონმდებლობა საჭიროზე მეტად გადატვირთულია და საარჩევნო პროცესის ბევრ ასპექტს ზედმეტად არეგულირებს; რამდენიმე გაუმჯობესების მიუხედავად, დარჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად აუცილებელია კანონმდებლობის დამატებით დახვეწა.
„ამ არჩევნებზე კანდიდატთა დიდ ნაწილს კამპანიის თავისუფლად ჩატარებისა და მრავალფეროვანი ხედვების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. ასევე, არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ და პროფესიონალურად,“ - განაცხადა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა. „თუმცა, ამის მიუხედავად, აგრესიული პოლიტიკური დისკურსისა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევების მატება ღრმა წუხილის საგანი იყო. ოფიციალურმა პირებმა საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ დარღვევების შესახებ ფართოდგავრცელებული და თანმიმდევრული განცხადებები.“
ხმის მისაცემად დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა. გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე არჩევნები ძირითადად ეროვნულ პოლიტიკურ საკითხებზე იყო ორიენტირებული, რამაც ადგილობრივი საკითხები გადაფარა. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიური იყო, ოპოზიციის ბევრი კანდიდატი პროცესს გამოეთიშა, ზოგიერთი მათგანი, სავარაუდოდ, მმართველი პარტიისგან განხორციელებული ზეწოლის გამო. ქალები კამპანიაში თითქმის არ ჩანდნენ და ზოგადად არასაკმარისად არიან წარმოდგენილი საჯარო თანამდებობებზე, შეადგენენ რა პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს მიმდინარე შემდგენლობის მეხუთედზე ნაკლებს.
„კონგრესის გადმოსახედიდან, არჩევნები ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მხრივ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო. არჩევნები, ფაქტობრივად, გახდა რეფერენდუმი ეროვნული მთავრობის შესახებ და გადაფარა ადგილობრივი საკითხები, რაც დასანანია“,- განაცხადა კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა დევიდ ერეიმ. „ამავდროულად, მიუხედავად კანონმდებლობაში ბოლოს შეტანილი შესწორებებისა, ადგილობრივ პოლიტიკაში ქალთა მდგომარეობა გამოწვევად რჩება“.
პანდემიით განპირობებული გარემოებების ფონზე საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესი ეფექტიანად წარმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები ღია იყო და, პირველად ისტორიაში, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რამაც პროცესის გამჭვირვალეობა გაზარდა. ამის მიუხედავად, გამოითქვა ეჭვები ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის შესახებ, განსაკუთრებით საუბნო კომისიის დონეზე.
არჩევნების დღე მთლიანობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა პოზიტიურად შეაფასეს საუბნო კომისიების დიდი უმრავლესობა. ამის მიუხედავად, წუხილი გამოითქვა ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკის შესახებ, რომლის მიხედვითაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებენ როგორც პარტიის მხარდამჭერები და ხმის მიცემის პროცესშიც კი ერევიან; წუხილი ასევე გამოითქვა ზოგიერთი საუბნო კომისიის მიმდებარედ პარტიის აქტივისტების ყოფნის შესახებ, რაც დამაშინებელ გარემოს ქმნიდა.
საარჩევნო კამპანია ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად შეიმჩნეოდა ძალადობის შემთხვევები და აგრესიული დაპირისპირება. მთელი კამპანიის განმავლობაში როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის მხრიდან ისმოდა მრავალი ბრალდება საარჩევნო დარღვევების შესახებ. გარდა ამისა, ფართომასშტაბიანი სამთავრობო პროექტების გამოცხადება კანონის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა, რამაც, კამპანიაში მაღალი თანამდებობის პირების ჩართვასთან ერთად, მმართველ პარტიას შეუსაბამო უპირატესობა მიანიჭა.
„მიუხედავად კონკურენტული ხასიათისა, წინასაარჩევნო გარემომ ვერ უზრუნველყო თანაბარი პირობები არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატებისთვის“,- განაცხადა ევროპული პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაიკლ გალერმა. „ფართოდგავრცელებული, თანმიმდევრული ბრალდებები და პირადი განცხადებები უნდა გახდეს საფუძველი იმისა რომ, უფლებამოსილმა ოფიციალურმა პირებმა საფუძვლიანად გამოიძიონ დაშინების შემთხვევები, რომლებიც მიზნად ისახავდა ოპოზიციის მიერ კანდიდატურის მოხსნას, საჯარო მოხელეებზე წნეხი, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და ფინანსური რესურსების მხრივ არსებული ფართო დისბალანი, რათა დამატებით არ გაძლიერდეს დაუსჯელობის განცდა. არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის და მის მიღმა ჩვენი სურვილია მთავრობამ და ყველა პარტიამ აჩვენოს ისეთივე სიმწიფე როგორიც საქართველოს მოქალაქეებმა საარჩევნო უბანზე მშვიდობიანი განწყობით წასვლით გამოხატეს“
საქართველოს მედია გარემო მრავალფეროვანი, მაგრამ ძლიერ პოლარიზებულია, ასახავს რა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არსებულ მკვეთრ განსხვავებებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა უზრუნველყოფს მყარ საფუძველს გამოხატვისა და მედიის თავისუფლებისთვის, ბოლო დროს ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დაშინებისა და მუქარების შემთხვევები მედიის თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ფუნქციონირების კუთხით შეშფოთების საფუძველს ქმნის.
საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 37 ქვეყნის წარმომადგენელი 334 დამკვირვებლისაგან შედგებოდა; მათგან 302 დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ექსპერტები და გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები იყვნენ, 18 კონგრესის წევრები და კონგრესის/ევროპის საბჭოს თანამშრომლები, 14 კი - ევროპული პარლამენტის წევრები და თანამშრომლები.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ:
კატია ანდრუში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი: +48 609 522 266 ან katya.andrusz@odihr.pl
რენატა ზიკმუნდი, კონგრესი/ევროპის საბჭო: +33 659786455 ან renate.zikmund@coe.int
რაფაელე ლუისი, ევროპული პარლამენტი: +32 477855324 ან raffaele.luise@europarl.europa.eu