საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა მმართველი პარტიის დომინირების ფონზე
თბილისი, 2017 წლის 22 ოქტომბერი - 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო და კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ. არჩევნების ეფექტიანმა ადმინისტრირებამ და ამომრჩეველთა რეგისტრაციის სიზუსტემ პროცესის ხარისხიანად წარმართვას შეუწყო ხელი, აღნიშნავენ საერთაშორისო დამკვირვებლები დღეს გამოცემულ განაცხადში. არჩევნების მთლიანი კონტექსტი ფორმირებული იყო მმართველი პარტიის დომინირების ფონზე.
მიუხედავად იმისა, რომ მედია საშუალებები სხვადასხვა პარტიებთან აფილირდებოდნენ, მედიის მზარდმა თავისუფლებამ და აქტიურობამ პოლიტიკური დებატების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, ნათქვამია განაცხადში. მთლიანობაში კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა, თუმცა უარყოფითი შეფასება მიეცა ზოგიერთ უბანზე ხმების დათვლის პროცესთან და შემაჯამებელი ოქმების შედგენასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
„დავაკვირდით არჩევნების პროცესს, სადაც საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ, და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ძირითადად დაცული იყო,“ განაცხადა კორინ იონკერმა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. „მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია აშკარაა და ამან არჩევენების სხვადასხვა ასპექტზე გავლენა იქონია. თუმცა, ამ უპირატესობას თან ახლავს პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტების შესაძლებლობები არ შეიზღუდოს.“
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა უწყებები საქმიანობას დროულად, ეფექტურად და პროფესიონალურად ახორციელებდნენ. მართალია, ცესკო ზოგადად დაინტერესებული მხარეების ნდობით სარგებლობდა, მაგრამ ზოგიერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობა ეჭვის ქვეშ დააყენა, განსაკუთრებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის კუთხით. ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე უზრუნველყო ტრენინგების ჩატარება და ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ ამომრჩეველთა ყოვლისმომცველი ინფორმირება. ამასთან, რამდენიმე მისასალმებელი ინიციატივა განახორციელა შეზღუდული შესაძლებლობების პირების არჩევნებში მონაწილეობის ხელშესაწყობად.
თბილისის გარეთ წინასაარჩევნო კამპანია მთლიანობაში ნაკლები აქტიურობით გამოირჩეოდა და ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად. გარდა ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევებისა, დამკვირვებლების განცხადებით, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების ფაქტებიც დაფიქსირდა.
„კონგრესის თვალსაზრისით საჯარო რესურსების ადგილობრივ დონეზე არამიზნობრივად გამოყენება და 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომი კონსოლიდაცია უნდა მოხდეს. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, დავეხმაროთ ხელისუფლებას მათ ძალისხმევაში,“ კონგრესის სახელით განაცხადა სტიუარტ დიკსონმა, კონგრესის არჩევნების შემფასებელი გუნდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებზე დაკვირვების საკითხებში.
მიუხედავად იმისა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ხელშესახები გაუმჯობესება შეინიშნება, სამაუწყებლო მედია საშუალებები პოლიტიკურად აფილირებულად აღიქმებიან. მედია მონიტორინგმა აჩვენა, რომ მედიის ძირითადი ნაწილი არჩევნებში მონაწილე მთავარ სუბიექტებზე აკეთებდა აქცენტს. მედია მათ საკუთარი გზავნილების გადმოსაცემად, რეკლამის განთავსებასთან ერთად, მრავალ შესაძლებლობას სთავაზობდა, მათ შორის, დებატებისა და თოქ-შოუების სახით. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან კრიტიკული და ანალიტიკური გაშუქების მნიშვნელოვანი ნაკლებობა მაშინ, როდესაც ყველაზე პოპულარული მაუწყებლების „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის მიდგომები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, და კონკრეტული პოლიტიკური მხარის სასარგებლოდ იხრებოდა.
საარჩევნო სუბიექტების მიერ მოზიდულ შემოწირულობებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა დაფიქსირდა, აქედან პირადი შემოწირულობების 91% მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაკეთდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა ევალებოდა, პროფესიონალურად იმუშავა. თუმცა ფინანსური ანგარიშების შემოწმების და არჩევნების დღემდე დასკვნების გამოქვეყნების საბოლოო ვადების არარსებობამ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭირვალობა შეზღუდა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციების უმრავლესობა ჯერ კიდევ გაუთვალისწინებელი რჩება.
არჩევნებამდე საქართველოში ორი წლის მანძილზე ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნის საარჩევნო კოდექსიდან ახლახან ამოღებამ კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესის ინკლუზიურობას შეუწყო ხელი. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა დამოუკიდებელ კანდიდატებსაც მიეცათ. ქალი კანდიდატები უმეტესწილად არასაკმარისად იყვნენ წარმოდგენილი. გარკვეული რაოდენობის სუბიექტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ზოგიერთმა მათგანმა გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზეწოლის შედეგად.
საკანონმდებლო ჩარჩო ყოვლისმომცველია და ადეკვატურ საფუძველს ქმნის არჩევნების დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩასატარებლად. თუმცა ამომრჩეველთა და კანდიდატთა უფლებების შეზღუდვები, ისევე როგორც შეუსაბამობები და ნაკლოვანებები, კვლავ სახეზეა. 2017 წლის ივლისში განხორციელებული ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს მთავარ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა.
არჩევნების დღემდე საჩივრების შედარებით ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა. ცესკოს სხდომებზე საჩივრების განხილვა ღიად და ცესკოს წევრთა ჩართულობით მიმდინარეობდა. თუმცა განაცხადების შეტანის უფლების შეზღუდვა საერთაშორისო ვალდებულებებს და რეკომენდებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
ინკლუზიური პროცესის შედეგად ცესკომ 30 საერთაშორისო და 71 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის აკრედიტაცია მოახდინა. საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე მრავალრიცხოვანი დამკვირვებლების და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობამ არჩევნების გამჭირვალობას შეუწყო ხელი. დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ ზოგიერთი აკრედიტებული მედია წარმომადგენელი ან ადგილობრივი დამკვირვებელი საარჩევნო სუბიექტთან აფილირდებოდა და ზოგჯერ კენჭისყრის პროცესში ერეოდა.
არჩევნებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი 1,200-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა, მათ 24%-ს ქალი შეადგენდა. სიძულვილის ენის, მუქარის და დაძაბულობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ბიულეტენები და ამომრჩევლებისთვის საჭირო ინფორმაცია ეროვნული უმცირესობების ენებზე უზრუნველყო, გარდა ამისა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ეროვნული უმცირესობების ენებზე ჩაატარა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
თომას რაიმერს (OSCE/ODIHR), +995 591 040 739 ან +48 609 522 266, thomas.rymer@odihr.pl
რენატე ზიკმუნდს (კონგრესი), + 33 659 786 455; renate.zikmund@coe.int