საერთაშორისო დამკვირვებლები კონკურენტული არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრას დადებითად აფასებენ, საკანონმდებლო ჩარჩოში არსებული ნაკლოვანებების მიუხედავად
თბილისი, 2016 წლის 31 ოქტომბერი – 30 ოქტომბერს საქართველოში გამართული პარლამენტის არჩევნების მეორე ტური კონკურენტული იყო და ისეთ გარემოში გაიმართა, სადაც კანდიდატების და ამომრჩევლების უფლებები დაცული იყო, ხოლო კენჭისყრის დღეს ხმის მიცემის პროცესი დადებითად შეფასდა. თუმცა, გარკვეული საკითხები მაინც რჩება არჩევნების მეორე ტურის გამართვასთან, ასევე პირველი ტურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ჩარჩოში არსებული ნაკლოვანებების შესახებ, დაასკვნეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა წინასწარ განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
„გუშინ გამართული მეორე ტურით ხელახლა დადასტურდა, რომ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად განხორციელება, ხოლო ამომრჩევლებს თავიანთი არჩევანის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება შეეძლოთ“, აღნიშნა იგნასიო სანჩეს ამორმა, ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა და სპეციალურმა კოორდინატორმა. „კანონში არასრულყოფილად არის მოწესრიგებული მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი და ყურადღება უნდა მიექცეს სამართლებრივი გამოძიების, ასევე გასაჩივრების პროცედურებს. თუმცა, ჩემთვის სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ კენჭისყრის დღემ მშვიდ და პროფესიონალურ გარემოში ჩაიარა“.
პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში, პოლიტიკურ დისკურსში ოპოზიციური პარტიების მიერ პირველი ტურის შედეგების გაპროტესტება დომინირებდა. საარჩევნო დავების გამოძიების და სასამართლოში განხილვის დროს გამჭვირვალობის პრინციპი და ეფექტური სამართლებრივი საშუალების გამოყენების უფლება ხშირად დაცული არ იყო. ყოველივე ამან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა შეასუსტა.
„მეორე ტურში სასწორზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დაიდო, რამდენადაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ცდილობდა. არჩევნების წინასწარი შედეგებით ჩანს, რომ ეს მიღწეული იქნა. შესაბამისად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უმრავლესობას ეკისრება. მან თავისი უფლებამოსილება ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს და არა პოლიტიკური შურისძიებისთვის,“ განაცხადა ანა გომესმა, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „ძალთა დაბალანსების პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, ასევე უმრავლესობის და ოპოზიციის დემოკრატიული როლების პატივისცემა უაღრესად მნიშვნელოვანია.“
კენჭისყრის დღის პირველი ტურის შემდეგ პერიოდში, საოლქო საარჩევნო კომისიებში 1,100–ზე მეტი საჩივარი შევიდა, რომელთა უმრავლესობა საარჩევნო უბნებში ხმების დათვლის პროცესს ეხებოდა. შემჩნეული იქნა ხარვეზები სარჩელების განხილვის მხრივ. მოსარჩელეებს ყოველთვის არ ატყობინებდნენ ხოლმე განხილვის დროის და ადგილის შესახებ, არც გადაწყვეტილების ასლებს არ უგზავნიდნენ და მთელ რიგ შემთხვევებში საქმეების საფუძვლიანი გამოძიება არ განხორციელებულა.
„ზოგიერთი კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნა პირველ და მეორე ტურებს შორის სერიოზული საკითხია და სიღრმისეულად უნდა გაანალიზდეს, თუ რა მოტივით შეწყდა არჩევნებში მონაწილეობა“, აღნიშნა ემანუელის ზინგერისმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „აუცილებელია პირველი ტურის დროს გამოვლენილი დარღვევების კანონიერად გამოძიება. ზედმეტია იმის თქმა, რომ ასევე ყურადღებით უნდა შეფასდეს ყველა მხარის მიერ წამოყენებული ბრალდებები მეორე ტურის დროს დარღვევების შესახებ.“
საარჩევნო კოდექსი მეორე ტურს არ აწესრიგებს. რამდენიმე პროცედურული საკითხის მოგვარების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებები გამოსცა, თუმცა, ისინი ამ პროცესში გვიან იქნა მიღებული. ასევე, მათში კანონი სადავოდ იყო ინტერპრეტირებული და ზოგჯერ საარჩევნო კოდექსს ეწინააღდეგებოდა.
„მეორე ტურთან დაკავშირებით საკანონმდებლო ჩარჩო არასრულყოფილი იყო, რამაც პროცესზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა“, აღნიშნა ელჩმა ალექსანდრე კელჩევსკიმ, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. „შესაძლებელი და აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, რათა კანონსა და პრაქტიკაში დარჩენილი გამოწვევები დაძლეული იქნას და დემოკრატიული ინსტიტუტებისია და ადამიანის უფლებების ოფისი მზად არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში დაეხმაროს.“
მცირე დროში მიმდინარე და ნაკლებად ხმაურიანი კამპანიის დროს, მედიის მიერ გაშუქება უფრო დაბალანსებული იყო, ვიდრე პირველ ტურში. კენჭისყრის დღეს პროცედურები მშვიდ და პროფესიონალურ გარემოში გაიმართა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა კენჭისყრის პროცესი უფრო დადებითად შეაფასეს, ვიდრე პირველ ტურში, საარჩევნო უბნის კომისიები უკეთ მომზადებულები იყვნენ და პროცედურებსაც უფრო კარგად იცავდნენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ლორენ ბარანოვსკას, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, +995 595 126 333 or +48 695 916 998, lauren.baranowska@odihr.pl
ანდრეას ბეიკერს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, +995 595 1262 98 ან +45 60108126, andreas@oscepa.dk
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილებას, +33 388 41 31 93
მარტა უდინას, ევროპარლამენტი, +995 595 040 819, marta.udina@europarl.europa.eu