ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) ხსნის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას საქართველოში
თბილისი, 26 აგვისტო, 2021 – ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოს მთავრობის მოწვევით დღეს გახსნა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია (EOM) 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის.
სადამკვირვებლო მისია ელჩ ალბერტ იონსონის ხელმძღვანელობით შედგება ძირითადი გუნდის 12 ექსპერტისა და 30 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან. დამკვირვებლები 4 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისაგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებელის ჩამოსვლას უშუალოდ არჩევნების დღემდე რამოდენიმე დღით ადრე.
მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას როგორც ეუთოს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო მოვალეობებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან. დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ საარჩევნო პროცესის ფუნდამენტურ ასპექტებს - კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. მისია ასევე შეაფასებს საარჩევნო კამპანიის გაშუქებას მედიაში.
სადამკვირვებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია შეხვედრა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
სადამკვირვებლო პროცესის მიმდინარეობისას გამოქვეყნდება შუალედური ანგარიში საზოგადოებისა და მედიის ინფორმირების მიზნით. არჩევნების მომდევნო დღეს პრესკონფერენციაზე გაკეთდება განაცხადი არჩევნების წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ. საბოლოო ანგარიში, რომელიც შეაჯამებს სადამკვირვებლო პროცესს და გასცემს რეკომენდაციებს, გამოქვეყნდება საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.osce.org/odihr/elections/georgia/496309
ან მიმართოთ სადამკვირვებლო მისიის მედიის ანალიტიკოსს, ჯოვანა მაიოლას, ტელ: ++995 595316983 ელ-ფოსტა: Giovanna.Maiola@odihr.ge
ან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის სპიკერს, კატია ანდრუშს, ტელ: +48 609 522 266 (ვარშავა), ელ-ფოსტა: katya.andrusz@odihr.pl