ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) ხსნის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას საქართველოში
თბილისი, 19 სექტემბერი, 2018 წელი – ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში. მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.
სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ელჩი გერტ-ჰაინრიხ არენსი. მისიის შემადგენლობაშია 14 საერთაშორისო ექსპერტი და 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 26 სექტემბრიდან გაიყოფიან ჯგუფებად და გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, უშუალოდ საარჩევნო დღის განმავლობაში არჩევნებს დააკვირდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი.
მისია შეაფასებს საპრეზიდენტო არჩევნებს, ეუთოს ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, აგრეთვე მის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან. დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას, მედია გარემოს და საარჩევნო დავების გადაწყვეტას.
მუშაობის პერიოდში მისია შეხვდება ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე კანდიდატებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მისია მუშაობის პარალელურად გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს.
არჩევნების დღეს, დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლასა და შედეგების შეჯამებას ყველა დონეზე.
არჩევნების მომდევნო დღეს სადამკვირვებლო მისია პარტნიორებთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან ერთად, გააკეთებს განაცხადს წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ.
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საბოლოო ანგარიშს სრული საარჩევნო პროცესის შესახებ წარადგენს საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით რვა კვირის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკოსს მედია საკითხებში, ეგორ ტილპუნოვს, ტელ: +995 591 176 496 (თბილისი) ელ-ფოსტა: egor.tilpunov@odihreom.ge
ან
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის სპიკერს ტომას რაიმერს, ტელ: +48 609 522 266 (ვარშავა), ელ-ფოსტა: Thomas.Rymer@odihr.pl.