ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) ხსნის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას საქართველოში
თბილისი, 19 სექტემბერი, 2013 წელი – ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში.
საქართველოს, როგორც ეუთოს წევრი ქვეყნის, მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) მოიწვია საქართველოს მთავრობამ არჩევნებზე დასაკვირვებლად.
მისიის ხელმძღვანელია მატეო მეკაჩი. მისია შედგება 16 საერთაშორისო ექსპერტისაგან თბილისის ოფისში და 28 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით არიან განთავსებული. ექსპერტები და დამკვირვებლები წარმოდგენილი არიან 24 ქვეყნიდან.
მისია საპრეზიდენტო არჩევნებს შეაფასებს ეუთოს ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, ასევე ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ საარჩევნო ღონისძიებებს, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. გარდა ამისა, მისია სადამკვირვებლო საქმიანობის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქებას.
მისია მუშაობის განმავლობაში შეხვდება ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების შესაბამის წარმომადგენლებს, ასევე კანდიდატებს, პირებს სამოქალაქო საზოგადოებიდან, მედიასა და საერთაშორისო საზოგადოებებს. არჩევნების დღეს, დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურებს, ბიულეტენების დათვლას და შედეგების შეჯამებას ყველა დონეზე.
განცხადება წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ გაკეთდება არჩევნების მომდევნო დღეს. მისიის საბოლოო ანგარიში მთელი საარჩევნო პროცესის შესახებ კი გამოქვეყნდება საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილეთ ბმული //www.osce.org/odihr/elections/105001, ან დაუკავშირდით ეგორ ტილპუნოვს, სადამკვირვებლო მისიის მედია ანალიტიკოსს ტელეფონის ნომერზე +995 577 329 314, ან ელექტრონულ მისმართზე: yegor.tilpunov@odihr.ge.