ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დამოუკიდებლობას
ვარშავა, 9 იანვარი – მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც არეგულირებენ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, მართლმსაჯულების სფეროს დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ისინი მაინც ვერ უზრუნველყოფენ მკაფიოდ განსაზღვრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ მიუკერძოებელ პროცესს, რომელიც თავისუფალი იქნება მიკერძოებული პოლიტიკის გავლენისგან, ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დღეს გამოქვეყნებულ მონიტორინგის მეორე ანგარიშში.
მოსამართლეების დანიშვნის საბოლოო პლენარული კენჭისყრის პროცესი გაიმართა პოლიტიკური კრიზისის დროს, ოპოზიციის ბოიკოტისა და გადავადების ფართოდ გავრცელებული მოთხოვნის ფონზე. პროცესის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, მიმდინარე პოლიტიკური გარემოს მიუხედავად ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების გულწრფელობას, განცხადებულ მიზანთან დაკავშირებით, რომ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე, რომელიც მოიპოვებდა ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და გააძლიერებდა საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემისადმი.
“ჩვენ გვთხოვეს, განგვეხორციელებინა საქართველოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დამოუკიდებელი შეფასება ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების კრიტიკულ პერიოდში“, განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა ინგიბორგ სოლრუნ გისლადოტირმა, „ჩვენ განვსაზღვრეთ რიგი ხარვეზებისა, რომლებზეც ვიმედოვნებ გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს ხელისუფლებასთან ახლო მომავალში. ჩვენი რეკომენდაციებით მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას და გარდა ამისა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სისტემასთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ უნდა იქნას კოლეგიალურ გარემოსა და დიალოგის რეჟიმში.”
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატურების წარდგენის პროცესის და დანიშვნის პროცესის შესახებ პირველ ანგარიშის დასრულების შემდეგ, ODIHR-ის მონიტორინგის ჯგუფი აკვირდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული 20 კანდიდატის გასაუბრებას, კომიტეტის ხმის მიცემისა და საბოლოო პლენარული კენჭისყრის პროცესს. მიუხედავად რამდენიმე პოზიტიური ასპექტისა, მათი საბოლოო შეფასებით, არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არც პარლამენტს არ მიუღიათ შესაბამისი ზომები შერჩევის პროცესის დროს ობიექტურობის, სამართლიანობის ან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
დადებით მხარედ შეიძლება აღინიშნოს, რომ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტში ზოგადად იყო ღია და გამჭვირვალე, რაც იძლეოდა კანდიდატებისა და ზოგადად პროცესის საჯარო შესწავლის საშუალებას. პარლამენტმა ასევე მოიწვია პროცესში მონაწილე ძირითადი ორგანიზაციები, მათ შორის ომბუდსმენის ოფისის, სამოქალაქო საზოგადოების, სამართლებრივი საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი შეუწყეს გასაუბრების ხარისხსა და ღიაობას.
თუმცა, ის ფაქტი, რომ პარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოსამართლეების დანიშვნის პროცესში და რომ პროცესი არ იყო დაცული მიკერძოებული პოლიტიკისაგან, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას. დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს მდგომი პარლამენტის წევრები იყენებდნენ გასაუბრებებს, როგორც პოლიტიკურ პლატფორმას და ინტერვიუებით ვერ მოხდა ბევრი კანდიდატის შესაბამისობის შესახებ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული შეშფოთების ჩაწყნარება.
ODIHR-მა დაიწყო ზემოხსენებული პროცესის მონიტორინგი საქართველოს ომბუდსმენის მოთხოვნის საფუძველზე. ყველა დამკვირვებელი მკაცრად ემორჩილებოდა მიუკერძოებლობის პრინციპს. აგრეთვე უზრუნველყოფილი იყო მათი ჩაურევლობა თავად პროცესში. მონიტორინგის ჯგუფის მუშაობა დაიწყო 2019 წლის ივნისში და მოიცავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე 49 და იურიდიულ კომიტეტის წინაშე 20 კანდიდატის ინტერვიუებზე დაკვირვებას. ისინი ასევე ყურადღებით აკვირდებოდნენ 2019 წლის დეკემბერში პარლამენტის საბოლოო კენჭისყრის სესიას.