მიუხედავად მცდელობისა, არჩევნები საქართველოში სტანდარტების შესაბამისად ჩატარებულიყო, დამკვირვებლები პრობლემებს აფიქსირებენ
თბილისი, 2008 წლის 22 მაისი - პოლიტიკურმა დაინტერესებულმა მხარეებმა ყველანაირ ძალისხმევას მიმართეს, რათა გუშინდელი საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებულიყო. თუმცა, დაფიქსირდა რიგი პრობლემები, რამაც მათი განხორციელება არათანაბარი და არასრულყოფილი გახადა, განაცხადა არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ თავის დღევანდელ მოხსენებაში წინასწარი მონაცემებისა და დასკვნების შესახებ (იხილეთ დანართი).
დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ამომრჩევლებს შესთავაზეს არჩევანის ფართო სპექტრი თავიანთი წარმომადგენლების ასარჩევად. საკანონმდებლო ბაზა ზოგადად ხელს უწყობდა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, თუმცა ჯერ კიდევ არსებული შეუსაბამობები უარყოფით ზეგავლენას ახდენდა მის განხორციელებაზე. ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ მთავრობამ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ერთპიროვნულად შეიტანა ცვლილებები საარჩევნო სისტემაში, რაც ოპოზიციამ მმართველი პარტიის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვა.
პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა ეწარმოებინათ აქტიური კამპანია, მაგრამ კეთდებოდა მრავალრიცხოვანი განცხადება დაშინების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთაგან ზოგიერთის დადასტურება შესაძლებელი გახდა. განსხვავება სახელმწიფოს საქმიანობასა და სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო კამპანიას შორის ხშირად ბუნდოვანი იყო. მედია, კერძოდ კი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამომრჩეველს სთავაზობდა აზრთა მრავალფეროვან სპექტრს. საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობდა გამჭვირვალედ, მაგრამ ზოგადად საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა საჩივრებს სათანადო ყურადღება არ დაუთმეს.
არჩევნების დღემ საერთო ჯამში მშვიდობიან გარემოში ჩაიარა და ზოგადად პოზიტიურად შეფასდა, თუმცა დაფიქსირდა პრობლემები მარკირების პროცესთან დაკავშირებით, ასევე დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებზე ზეწოლასთან მიმართებაში. ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესი ნაკლებად პოზიტიურად შეფასდა, დაფიქსირდა ბევრი მნიშვნელოვანი პროცედურული ხარვეზი.
,,ეს არჩევნები არ იყო სრულყოფილი, მაგრამ იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც მეც ვესწრებოდი, კონკრეტული და არსებითი პროგრესი იქნა მიღწეული. კვლავაც რჩება პრობლემები და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. ვიმედოვნებ, რომ ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდება და გააგრძელებს მუშაობას საქართველოში დემოკრატიის დონის ასამაღლებლად”, განაცხადა ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა სპეციალურმა კოორდინატორმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოაო სუარესმა.
,,ქართველმა ხალხმა გუშინდელ არჩევნებში თავისი პოლიტიკური ნება გამოხატა. მათი ქმედება ქვეყანაში პოლიტიკური კონფლიქტის დასრულებითა და ყველა პოლიტიკურ ძალას შორის ახალი დიალოგის დაწყების იმედით იყო განპირობებული. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიუხედავად მოცემულმა არჩევნებმა ბოლომდე ვერ გამოიყენა საქართველოს დემოკრატიული პოტენციალი. ამჟამად ყველა პოლიტიკურმა ძალამ კონსტრუქციულ დიალოგს უნდა მიმართოს და საქართველოს წინაშე მდგარი მრავალი გამოწვევის დასაძლევად, მათ შორის საარჩევნო საკანონმდებლო ბაზის რეფორმის ჩათვლით, კომპრომისზე წავიდეს,” განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა.
,,მას შემდეგ, რაც დავინახე სამოქალაქო საზოგადოებისა და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართულობა ამ არჩევნებში, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობა, დაიწყოს ნამდვილი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან”, განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარი ანე ისლერ ბეგუინმა.
,,მე გავხდი მნიშვნელოვანი ცვლილებების მოწმე საქართველოში, განსაკუთრებით დემოკრატიზაციისა და საარჩევნო პროცესების კუთხით, გამომდინარე იქედან, რომ 1999, 2003, 2004 წლებში ვხელმძღვანელობდი მოკლევადიან დამკვირევებელთა მისიებს. ეს პროცესი ჯერ კიდევ დასასრულებელია. ეს არჩევნები ცხადყოფს საერთაშორისო საზოგადოებასთან უფრო ახლო თანამშრომლობის საჭიროებას, რათა ეს პროცესი უფრო სწრაფად და აქტიურად წავწიოთ წინ”, განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა ბრიუს ჯორჯმა.
,,ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი უკვე დასრულებულია, მაგრამ საარჩევნო პროცესი კვლავაც გრძელდება: ბევრი იქნება დამოკიდებული შედეგების შეჯამებაზე და იმაზე, თუ როგორ მოხდება ხელისუფლების მიერ საჩივრებისა და განცხადებების განხილვა. ჩვენ დავრჩებით საქართველოში, რათა ყურადღებით დავაკვირდეთ ამ პროცესს”, განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ბორის ფრლეცმა.
არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტისა (EP) და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) ერთობლივი წამოწყებაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
- Klas Bergman, OSCE PA, +995 (8) 951 39 653 or +45 60 10 83 80, klas@oscepa.dk
- Jens-Hagen Eschenbächer, OSCE/ODIHR, +995 (8) 95 218 605 or +48 603 683 122, jens.eschenbaecher@odihr.pl
- Bas Klein, PACE, +33 662 26 54 89, bas.klein@coe.int Stefan Pfitzner, EP, +32 49 89 83 295, stefan.pfitzner@europarl.europa.eu Zachary Selden, NATO PA, +32 486 322 809, zselden@nato-pa.int