მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი მე-12 სამხრეთკავკასიური მედიაკონფერენციის მონაწილეებს მოუწოდებს გაციფრება მედიის თავისუფლების დასაცავად გამოიყენონ
თბილისი, 29 სექტემბერი 2015 - მე-12 სამხრეთკავკასიურ მედიაკონფერენციის გახსნაზე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, რომ გაციფრება მედიის თავისუფლების და პლურალიზმის გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა.
„კომუნიკაციის ახალი ფორმები საშუალებას იძლევა ჩვენი აზრი უფრო თავისუფლად გამოვხატოთ და გავზარდოთ ინფორმაციაზე წვდომათ,“ განაცხადა მიატოვიჩმა. „გაციფრება, ინტერნეტის მზარდ როლთან ერთად, ხელს უწყობს ინფორმაციის თავისუფალ მიმოქცევას, ასევე მედიაგარემოს მრავალფეროვნებას და პლურალიზმს“.
კონფერენციაში სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს,მედია ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ასევე მოწვეული ექსპერტები ბოსნია-ჰერცეგოვინადან, დანიიდან, გერმანიიდან და სლოვენიიდან. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესზე და მის გავლენაზე თავისუფალ მედიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.
დისკუსიის მთავარი თემა ციფრულ მედიაგარემოში მარეგულირებელი სტრუქტურების როლი და მედიაპლურალიზმზე ციფრული მაუწყებლობის ზეგავლენა იყო.
„ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ტრანსფრომაციის მნიშვნელოვანი ელემენტია“, აღნიშნა მიატოვიჩმა. „ამ პროცესს შეუძლია მედიაპლურალიზმის და მრავალფეროვნების გაღრმავება და განვითარება, იმის გათვალისწინებით, რომ სამთავრობო სტრუქტურები შეასრულებენ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს და საჭირო ცვლილებებს შეიტანენ გაციფრებასთან დაკავშირებულ მედიაპოლიტიკაში“.
კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ბოლო დროს რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მედია თავისუფლების კონტექსტში. იგეგმება დისკუსიის შედეგად მიღებული რეკომენდაციების გამოქვეყნება.
ვიზიტის ფარგლებში დუნია მიატოვიჩი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან განიხილა საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხები.
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელმა გაიმეორა მოწოდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სრულად დაკომპლექტების შესახებ, რაც აუცილებელია საბჭოს ეფექტიური ფუნქციონირებისათვის, და მედიის თავისუფლების შემაფერხებელი უკანონო მოქმედებების გამოძიების დასრულების მოთხოვნა, მათ შორის 2014 წელს რუსთავი 2-ში მოსმენების ინციდენტის. მან ასევე აღნიშნა ცალკეულ კერძო მაუწყებელთა გამოწვევები, რომლებიც საკუთრებრივ დავებში არიან ჩართული, და განცხადებები პოლიტიკური გადაცემების დახურვის სარედაქციო ტენდენციაზე შესაძლო გარე ზეწოლის შესახებ.
მიატოვიჩმა პოზიტიურად შეაფასა სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ კანონპროექტის შემუშავება, და ხელისუფლებას კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა.
„საქართველო არის ეუთოს წევრი სახელმწიფოების მცირე რიცხვში, რომლებმაც გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვან და საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრესს მიაღწიეს თავისუფალი გამოხატვისა და თავისუფალი მედიის სფეროში“, განაცხადა მიატოვიჩმა. „თუმცა ეს პროგრესი უნდა გაუმჯობესდეს მრავალფეროვანი, დინამიური და პლურალისტული მედიალანდშაფტის შესანარჩუნებლად. დემოკრატიულ განვითარებაში მედიის წამყვანი როლის სრულად უნდა იქნეს აღიარებული“.